კახა კუკავა: ჩვენთან იყო ამ საკითხზე შეხვედრა, გამოვხატეთ მზაობა, დასაზუსტებელია დეტალები. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ „პატრიოტთა ალიანნსაც“ და სხვა პარტიებსაც, რომ დეკლარაციებიდან საქმეზე გადავიდეთ. ვფიქრობ, რომ რაც უფრო ადრე შეიქმნება კოალიცია, მით უკეთესი იქნება ეს საერთო საქმისთვის. არის რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ ოპოზიციის ერთიანობას და არჩევნებში მონაწილეობას ცალკე აპირებენ. ესენი გახლავთ ბურჯანაძისა და ალასანიას პარტიები. ეს მათი გადასაწყვეტია. მაგრამ, ვფიქრობ, რომ დანარჩენი ოპოზიციური ძალები რაც უფრო მალე ჩამოვყალიბდებით ერთიანობაზე, მით მალე მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს.
- რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას და კოალიციაში არსებულ დაძაბულობას, რას ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა, რომ არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ დაიშალოს?
— კოალიციის დაშლის საფრთხე ნამდვილად არსებობს. აქ ახლა სკამებზე ნადირობა მიდის. სკამები უფრო ცოტაა ვიდრე 4 წლის წინ იყო. ყველას კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნება“ იმდენ მანდატს ვეღარ აიღებს, რაც წინა არჩევნებზე აიღო. აქედან გამომდინარე, ახლა მიდის სკამებისთვის ბრძოლა. როგორც მხეცბს სჩვევიათ, ისეთი ბრძოლა მიდის კოალიციაში. რა თქმა უნდა, აქ არაფერ შუაშია საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. ეს არის კორუმპირებული პოლიტიკური ძალა. ხმა რომ არ ამოუღიათ თოფაძეს და ბერძენიშვილს 4 წლის მანძილზე და ახლა რომ პრინციპულები გახდნენ, ორივე არიან კორუმპირებულები. დეპუტატი, რომელსაც 4 წლის მანძილზე არცერთ საკითხზე აზრი არ გამოუთქვამს, კორუმპირებულია და მისი ადგილი საქართველოს პარლამენტში არაა.
- ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, საქართველოს პატრიარქი სიძულვილის ენით საუბარშია დადანაშაულებული. როგორ ფიქრობთ რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ქართულ მხარეს აღნიშნულზე?
— აუცილებლად უნდა გაკეთდეს დიპლომატიური ნოტა ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. რადგან, ეს არის ის წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო არ გადავა.
მიმაჩნია, რომ ძალადობა არ უნდა იყოს წახალისებული და მოძალადეები ციხეში უნდა ისხდნენ, მათ შორის ისინიც, ვინც „ტაბურეტკებს“ ურტყამენ ვიღაცებს თავში. მაგრამ, მეორეს მხრივ, ძალიან მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს ჩვენს კანონმდებლობაში, რომ საჯარო ცხოვრებაში ამ ატრიბუტების შემოტანა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა უნდა აიკრძალოს.
- ამავე დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველოს სკოლებში არ არის სპეციალური პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებს უმცირესობისადმი ტოლერანტობას ჩაუნერგავს. რეალურად დგას თუ არა ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში?
— ეს არის სწორი შენიშვნა. მსგავსი სახის საგანი უნდა დაინერგოს ჩვენს სკოლებში. თუმცა, გააჩნია როგორ გაკეთდება ეს და რა ფორმით მიეწოდებათ ბავშვებს. ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ისეთი გარყვნილი ფორმით ახსნილი, რომ ამან პროტესტი გამოიწვიოს. სწორი ფორმით ყველაფრის ახსნა შეიძლება.
ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს უმცირესობების მიმართ აგრესიის წახალისება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის შეცდომა, რომელიც 80-იან წლებში დავუშვით, როდესაც გვეგონა, რომ საქართველო მარტო ქართველების ქვეყანაა, ეს არასწორია. დიახ ქართველები ყველაზე მეტნი ვართ ამ ქვეყანაში, მართლმადიდებლები ყველაზე მეტნი ვართ, მაგრამ მარტონი არ ვართ. ამ შეცდომის გამო, ჩვენ დავკარგეთ ორი რეგიონი და კიდევ დავკარგავთ, თუ ახლა მაინც არ გავაცნობიერებთ, რომ ქართველები ვართ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ძველი, დამსახურებული, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ერი. ჩვენს გარდა აქ ცხოვრობენ სხვა ერები და რელიგიური კონფესიები, რომელთაც აქვთ ზუსტად იგივე უფლებები, რაც ეთნიკურ უმრავლესობას.
თენგიზ ჩოჩუა