„ვოლონტიორებმა“ შეჭირვებული ოჯახების მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს საჩუქრები მიართვეს. იხილეთ თბილისის სხვადასხვა უბანში მიმდინარე საქველმოქმედო აქციის ამსახველი ვიდეო, რომელიც Sputnik–მა გადაიღო.
„თბილისის მერიის მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია „მოვეფეროთ დედას“ ჩავატარეთ. ამ პროექტის ფარგლებში დახმარება აღმოვუჩინეთ მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს. ამით შევეცადეთ შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის, რომ დედა ძალიან მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში“, — უთხრა Sputnik–ს ორგანიზაცია „თბილისის ვოლონტიორთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა ილია ზუკაკიშვილმა.
მისი თქმით, „კორპუსის“ წევრები თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ დედებს ეწვივნენ და საჩუქრები გადასცეს დედის დღესთან დაკავშირებით.
„ასეთი აქციები დადებით გავლენას ახდენს ადამიანურ ურთიერთობებზე და ამგვარი ღონისძიებები უფრო მეტი უნდა იყოს, ვინაიდან ეს თითოეული ჩვენგანის გულში სიყვარულსა და იმედს ბადებს“, — აღნიშნა ზუკაკიშვილმა.
„მინდა ყველა დედას ვუსურვო ისეთ საქართველოში ცხოვრება, რომელშიც ხვალინდელი დღისა და საკუთარი შვილების მომავლისა არ შეეშინდება, ვინაიდან ის ნათელი და უზრუნველყოფილი იქნება. ჩვენი სურვილია, რომ ყველა დედას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ შვილს კარგი განათლება მისცეს და იამაყონ იმით, რომ ქვეყანას ნამდვილი პატრიოტები აღუზარდეს“, — განაცხადა „თბილისის ვოლონტიორთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა.