თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამცხე–ჯავახეთში ვიზიტისას სოფელ წნისს ეწვია და მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერა, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.
ფერმა 2015 წელს დაარსდა პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში. მისი მფლობელია კომპანია Georgian Business Zone. ფერმას 25 ჰექტარი სახნავი მიწა, 150 ჰექტარი საძოვარი, 5 ჰა-ზე გაშენებული ვაშლის ბაღი, რძის გადამამუშავებელი და საქონლის საკვების დამამზადებელი საწარმოები აქვს, რაზეც 45 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
მთავრობის მეთაური ამავე რეგიონში მეწარმე ბორის თათეშვილის კუთვნილ საიუველირო–სადურგლო საამქროსაც ეწვია, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შეიქმნა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის რეალიზაცია 2013 წლის მარტში დაიწყო. მასში 13 ბანკი, ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ორი ლიზინგური კომპანია მონაწილეობს.
პროექტის ფარგლებში შეღავათიანი კრედიტები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების გახსნის, ისე უკვე არსებულების გაფართოება–გადაიარაღებისთვის. ამ ეტაპზე უკვე დაფინანსებულია 147 ახალი საწარმოს მშენებლობა და 600 უკვე არსებულის გადაირაღება.
2013–2015 წლებში პროექტის ფარგლებში გაცემულია 644,9 მლნ ლარი და 165,7 მლნ დოლარი 25 290 პროექტისთვის.
„აწარმოე საქართველოში“ — ეს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამაა. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, რაც გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფას.