თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით გიორგი მიქაუტაძეა არჩეული, ციტირებს საბჭოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს ნათია ვასაძეს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.
ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თებერვალში საბჭომ მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს–თავმჯდომარემ ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესის შეჩერება მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან მისი მოთხოვნა დასაბუთებულად არ ჩაითვალა.
ახვლედიანსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში დაიძაბა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე აირჩია, ახვლედიანმა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარის ნინო გვენეტაძის და საბჭოს წევრების გადადგომა მოითხოვა.
მამუკა ახვლედიანის დისციპლინარული დევნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ამას წინ უსწრებდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლეების კანდიდატების გამოცდებისთვის განკუთვნილი ტესტების სწორი პასუხების გაჟონვის შესახებ. ამ ფაქტს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.
თუმცა უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე აღნიშნავს, რომ მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენება მის განცხადებებთან არ არის დაკავშირებული და ის თავის მოღვაწეობას სისხლის სამართლის კოლეგიაში გააგრძელებს.