თბილისში ჩატარდა აქცია „ნუ მაბოლებ“

© photo: Sputnik / Denis Aslanovთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ხელისუფლებისადმი მიმართვას, რომლითაც თამბაქოს ნაწარმის რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვას მოითხოვენ.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ თბილისში, №64–ე საჯარო სკოლის წინ ჩაატარა საპროტესტო აქცია „ნუ მაბოლებ“. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, აიკრძალოს სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს სიგარეტით მოვაჭრე კიოსკების განთავსება, იუწყება აქციის ადგილიდან Sputnik–ის კორესპონდენტი.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „თამბაქო ეკონომიკაა, თამბაქო სიკვდილის ბიზნესია“, „თამბაქოს ინდუსტრია კლავს“, „აიკრძალოს მკვლელი რეკლამა“, „დაგვიბრუნეთ სუნთქვის უფლება“.

„ჩვენ არ ვებრძვით მწეველებს. მათ აქვთ სიგარეტის მოწევის უფლება იქ, სადაც არ არიან არამწეველები, ანუ შენობის გარეთ. არ შეიძლება მოწევა სტადიონზე, პარკებში, გაჩერებებზე, სადაც არამწეველებიც არიან და რომლებიც იძულებული არიან, ყლაპონ ეს მოწამლული ჰაერი“, — თქვა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.

აქციის მონაწილეებმა გაზომეს მანძილი სკოლიდან უახლოეს ჯიხურამდე, რამაც 35 მეტრი შეადგინა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კი, ეს მანძილი 50 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

აქციაში მონაწილე სტუდენტებმა საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდეს და ურჩიეს, იმ ადგილებში, სადაც სიგარეტის კვამლის გამო მათი უფლებები ირღვევა, ნიღბები გაიკეთონ. მათი აზრით, მასობრივი პროტესტის ეს ფორმა აიძულებს ხელისუფლებას, გაამკაცროს თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა.

თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმსა და სპირტიან სასმელებზე აქციზი გაიზარდა

აქციის დასასრულს მონაწილეებმა ხელი მოაწერეს სპეციალურ მიმართვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და უზენაესი სასამართლოსადმი, რომლითაც თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებისა და პოპულარიზაციის აკრძალვა მოითხოვეს. მათ მიაჩნიათ, რომ თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში უნდა იყიდებოდეს.

„ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თამბაქოს ნაწარმი ხელმისაწვდომი არ იყოს“, — აღნიშნა ბახტურიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სიგარეტს ყოველი მეხუთე მოზარდი და ყოველი მესამე ასაკოვანი ადამიანი ეწევა, რის გამოც წელიწადში 10 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.

2003 წლიდან საქართველოში აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირთათვის სიგარეტის მიყიდვა და ნაწარმის რეალიზაცია სათამაშოებსა და კვების პროდუქტებთან ერთად, თუმცა, როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ აცხადებს, ეს კანონი მთელი საქართველოს მასშტაბით ირღვევა.

© photo: Sputnik / Stanislav Kozliakowskyცხოვრება სიგარეტთან ერთად
ცხოვრება სიგარეტთან ერთად - Sputnik საქართველო
ცხოვრება სიგარეტთან ერთად
ყველა ახალი ამბავი
0