თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას სკოლებში ახალი საგნის „მე და საზოგადოება“ შემოღების შესახებ მხარი დაუჭირა იმის მიუხედავად რომ ამან ინტელიგენციის წარმომადგენელთა ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.
თებერვალში ქართულ გაზეთებში საჯარო სკოლებში საგნების — „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველო“ — შემოღების წინააღმდეგ პეტიცია გამოქვეყნდა, რომელსაც ხელი ცნობილმა კულტურის მოღვაწეებმა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა მოაწერეს. ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილი მიიჩნევს, რომ ახალი დისციპლინები ბავშვებს გარყვნის.
„იმაში, რომ ადრეული ასაკიდანვე ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ და განვუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა, დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ასეთი რისკების თავიდან აცილებას. პედაგოგების მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, რისკების არსებობის შესაძლებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა საჭირო არ არის და ამაზე ყველანი ვთანხმდებით“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე.
ახალი საგნის დანერგვის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ის ბავშვებზე უარყოფითად აისახება, რადგან ისეთ საკითხებს ეხება, როგორებიცაა მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი და იდენტურობა.
„ბრალდებები და ინსინუაციები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირი კავშირი ამ საგანსა და სპეკულაციებს შორის არ არსებობს. არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ პროგრამები, რომლებიც, მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.