თბილისი, 3 მარტი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში მარტის შუა რიცხვებში ჩატარდება, აცნობა Sputnik-ს ზურაბ აბაშიძემ.
ამ ეტაპზე რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და აგრეთვე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.
„ჩვენ მარტის შუა რიცხვებში შევხვდებით, სადღაც 15–16-ში. საკმაოდ მკაფიო და კონკრეტული მანდატი გაგვაჩნია. ჩვენ დღის ასეთ წესრიგს მივყვებით: ვაჭრობა, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, სატრანსპორტო საკითხები, ჰუმანიტარული საკითხები“, – აღნიშნა აბაშიძემ.
შეხვედრაზე ასევე რუსეთში შპიონაჟის მუხლით გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი განიხილება.
„ჩვენ ამის თაობაზე პრინციპული შეთანხმება გვაქვს. ამ მხრივ საკმაოდ სერიოზულად წავიწევით წინ. საერთოდ, თითქოს მთლიანად ამ თემის დახურვის ორმხრივი სურვილი არსებობს. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგებით დავბრუნდები“, – თქვა აბაშიძემ.
საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.