თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის წინ, რომელიც 22-23 მარტს გაიმართება, ქართულმა მხარემ შეხვედრები გამართა დიალოგის თანათავმჯდომარეებთან და დღის წესრიგზე იმსჯელა.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან ტარდება. ამჟამად ეს საქართველოსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ასევე მონაწილეობენ რუსეთი, აშშ, გაერო, ეუთო და ევროკავშირი.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროცესის მიმართ ყველა მონაწილის პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებისა და მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის აუცილებლობას. აღინიშნა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობა“, — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამას გარდა, ქართულმა მხარემ დიალოგის თანათავმჯდომარეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე საკუთარი ხედვები გააცნო.