თბილისი, 2 მარტი — Sputnik. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართული სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ახალი ქართული საბრძოლო მანქანის დემონსტრირებას მოახდენს.
„ეს ახალი ტიპის საბრძოლო მანქანა იქნება, რომლის ანალოგი აქამდე არც საქართველოში, არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში არ არსებობდა“, – ციტირებს „დელტას“ სამხედრო-ტექნიკური განყოფილების თანამშრომლის გიგი ინაშვილის სიტყვებს სააგენტო Новости-Грузия.
ახალ მანქანაზე მუშაობა ცენტრმა ახლახანს დაასრულა. “დელტას“ ჩანაფიქრით, ის სადღესასწაულო სიურპრიზი უნდა გახდეს, და ამიტომ ტექნიკური მახასიათებლები და აღწერილობა დამოუკიდებლობის დღემდე საიდუმლოდ ინახება.
ამჟამად მხოლოდ ცნობილია, რომ ახალი საბრძოლო მანქანა „დელტას“ მიერ ადრე გამოშვებული ჯავშანმანქანა „დიდგორის“ ოჯახში არ შედის. „დელტაში“ დარწმუნებული არიან, რომ ახალი საბრძოლო მანქანა საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო დიდი მოთხოვნით ისარგებლებს, ვიდრე სამედიცინო–საევაკუაციო მანქანები, რომლებიც უკვე იყიდება.
ახალი საბრძოლო მანქანის გარდა „დელტა“ 26 მაისს გასულ წელს წარმოდგენილი მოდერნიზებული უპილოტო შვეულმფრენის განმეორებით ჩვენებას გეგმავს. საფრენი აპარატი М134Minigun-ის ტიპის ორი ექვსლულიანი ტყვიამფრქვევითა და რვა უმართავი საავიაციო რაკეტით არის აღჭურვილი. მისი ფრენის სიმაღლე 3000 მეტრს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე – 180 კმ/სთ-ს.
დღევანდელი სახით სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 2010 წელს შეიქმნა, პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, როდესაც ქართული სამხედრო მრეწველობისა ცოტას თუ ვინმეს სჯეროდა. ჯავშანმანქანების გარდა დღეს „დელტა“ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, უპილოტო აპარატებს, შაშხანებს, ყუმბარმტყორცნებს, ნაღმმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ჯავშანჟილეტებს და ჩაფხუტებს, სამხედრო კარვებს უშვებს.
ცენტრის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ და „დიდგორის“ სერიის შეჯავშნული ავტომობილები გახდა, რომელშიც დღეს ოთხი მანქანა შედის. „დიდგორი-1“ ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანადაა განკუთვნილი, “დიდგორი-2“ – სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად. „დიდგორი-3“ სანავიგაციო აპარატურითაა აღჭურვილი. „დიდგორი-4“, იგივე Medevac–ი, ანუ სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა, ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანაზეა გათვლილი.
მანქანა Medevac–ი გასულ წელს „წლის გარიგების“ საგანი გახდა – საქართველომ საუდის არაბეთში 100–ზე მეტი ასეთი ჯავშანმანქანის მიწოდების შეთანხმებაზე მოაწერა ხელი. გარიგების ღირებულებამ, რომელიც საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ცდების შემდეგ დაიდო, 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. Medevac-ს, რომელიც რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებზეა გათვლილი, ერთდროულად ოთხი დაჭრილის გადაყვანა შეუძლია, ამ დროს ის 120 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და 7,36 მმ კალიბრის ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიების ნასროლსა და საარტლერიო ჭურვების მოხვედრას უძლებს.