თბილისი, 2 მარტი — Sputnik. კენჭისყრა რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით სანქციების რეჟიმის გამკაცრებას ითვალისწინებს, გადაიდო და ის დღეს გაიმართება, იუწყება სამშაბათს გაეროში ანონიმური დიპლომატიური წყარო.
მანამდე აშშ-ის დელეგაციამ დოკუმენტზე კენჭისყრის ჩატარება სამშაბათს 15:00 (მოსკოვის დროით 23:00) საათზე მოითხოვა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ გახდა ცნობილი, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მიერ რეზოლუციის საბოლოო პროექტის წარმოდგენის შემდეგ რუსეთმა მისი შესწავლისთვის დამატებით 24 საათი მოითხოვა. კენჭისყრა, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გადაიტანეს.
გაეროში რუსეთის წარმომადგენლობაში დაადასტურეს, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით კენჭისყრა 2 მარტს გაიმართება.
აშშ-მა სანქციების რეზოლუციის პროექტი ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით 6 იანვარს ფხენიანის ბირთვული გამოცდისა და 6 თებერვალს ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ შეიმუშავა. რეზოლუციის პროექტი გაეროს უშიშროების საბჭოში გასულ ხუთშაბათს გაავრცელეს.
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის სამანტა პაუერის განცხადებით, რეზოლუციის მიღების შემთხვევაში ეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ სანქციებს შორის ყველაზე მკაცრი იქნება. შეზღუდვები ერთდროულად ქვეყნის ეკონომიკის რამდენიმე სექტორს შეეხება. კერძოდ, შემოწმდება ყველა ტვირთი, რომელიც მოდის ჩრდილოეთ კორეიდან ან შედის ამ ქვეყანაში, აიკრძალება ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ყველა ჩვეულებრივი შეიარაღების გაყიდვა, შეიზღუდება ან აიკრძალება ქვეყნიდან ნახშირის, რკინის, ოქროს, ტიტანის, იშვიათი ბუნებრივი მინერალების ექსპორტი და მთავარი — ქვეყანა ვერ შეძლებს საავიაციო, მათ შორის სარაკეტო საწვავის შეძენას. ასევე დაწესდება ფინანსური სანქციები ჩრდილოეთ კორეის ბანკების მიმართ.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი გატილოვმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრასთან მიმართებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ თუ მოსკოვის ყველა სურვილი გათვალისწინებული იქნება, კითხვები არ გაჩნდება.
ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე ჩრდილოეთ კორეის მიერ 6 იანვარს მეოთხე ბირთვული გამოცდისა და 7 თებერვალს თანამგზავრიანი რაკეტების გაშვების შემდეგ გამწვავდა, რაც, რიგი სპეციალისტების აზრით, შესაძლოა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური იარაღის გამოცდის საბაბი ყოფილიყო.