თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვებს მხოლოდ მინისტრებმა არ უნდა უპასუხონ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 25 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე აღძრა „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ მუხლით. მანამდე „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. ხიდაშელი საგარეჯოში ხმების დათვლის დროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გიგლა აგულაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
„თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს თუ აქვთ რაიმე კითხვებზე პასუხი გასაცემი, თუ მათ ვინმე რაიმე კითხვას დაუსვამს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პასუხს გასცემენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მართლები არიან სინდისთან, კანონთან და საკუთარ ამომრჩეველთან. კიდევ ვიმეორებ — კითხვები არ არის ცალმხრივი და მას პასუხი ყველამ უნდა გასცეს“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თოფაძის ბრალდება კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნით დაპირისპირების საბაბი გახდა. საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამას აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა.
არჩევნები საგარეჯოში 2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა, სადაც მმართველი კოალიციის წევრი „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა 49,5%-ით გაიმარჯვა და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ირმა ინაშვილს მხოლოდ 3,67%-ით აჯობა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგებზე მუხროვანის ბაზაზე განთავსებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობამ, ასევე ხმების დათვლის დროს თავდაცვის მინისტრის ადგილზე ყოფნამ იმოქმედა.