თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ის მზადაა საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.
ორშაბათს თავდაცვის სამინისტრომ დახურული დოკუმენტები გამოაქვეყნა, რითიც მტკიცდება, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუხროვანის სამხედრო ბაზაზე (საგარეჯოს რაიონი) სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა არ შეცვლილა. შუალედურ არჩევნებში საარჩევნო უბანზე ხმა 700-ზე მეტმა სამხედრომ მისცა.
„ვფიქრობ, ყველაფერი უკვე ნათქვამია. ყველა დოკუმენტი სახეზეა. ყველამ ყველაფერი თქვა. ყველა გზავნილი სახეზეა. ვისაც გაგება უნდა — გაიგებს. ვისაც უნდა, დამკითხოს. სადაც უნდათ, იქ მივალ. რა დოკუმენტებიც უნდათ, მივიტან“, — განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 25 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე აღძრა „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ მუხლით. მანამდე „მრეწველების“ ლიდერმა გოგო თოფაძემ თავდაცვის მინისტრი საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.
თოფაძის ბრალდება კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნით დაპირისპირების საბაბი გახდა. საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამას აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა.
არჩევნები საგარეჯოში 2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა, სადაც მმართველი კოალიციის წევრი „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა 49,5%-ით გაიმარჯვა და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ირმა ინაშვილს სულ 3,67%-ით აჯობა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგებზე იმოქმედა მუხროვანის ბაზაზე განთავსებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობამ, ასევე ხმების დათვლის დროს თავდაცვის მინისტრის ადგილზე ყოფნამ.