თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის შესახებ ინფორმაციამ ამერიკული დიპლომატიური მისია შოკში ჩააგდო, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ამჟამად „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს თავს 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაესხნენ. პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებითა და თავისა და ზურგის არეში ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„როცა ამის შესახებ შევიტყვეთ, შოკირებული ვიყავით. პირველ რიგში ალექსის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ვფიქრობ, მთავრობა ამ ინციდენტის სწრაფი გამოძიებით დაინტერესებულია“, — განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პეტრიაშვილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება“.
ალექსი პეტრიაშვილი ამჟამად „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანია. მას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში.