თბილისი, 1 მარტი — Sputnik. პროექტ „გაზის სამხრეთი დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში ბაქოში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების მეორე სხდომაზე პროექტის მონაწილე ქვეყნებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, იუწყება აზერბაიჯანული ტელეარხი CBC.
საქართველოს მხრიდან დეკლარაციას ხელი ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოაწერა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგეგმება „გაზის სამხრეთი დერეფნის“ ევროკავშირის საზღვრებს მიღმა არსებულ ბაზრებზე – მათ შორის, ბალკანეთის ქვეყნებში — გაფართოების დღევანდელი და სამომავლო პერსპექტივების შეფასება. ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღინიშნება ინტერკონექტორ საბერძნეთი-ბულგარეთისა და იონისა და ადრიატიკის ზღვების გაზსადენის პროექტების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „გაზის სამხრეთი დერეფნის“ პროექტის მონაწილეები, მისი დაფინანსების მიზნით, მხარს უჭერენ ეროვნულ და ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გააქტიურებას, აგრეთვე ენერგორესურსების მწარმოებელ, მომხმარებელ და სატრანზიტო ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებას აზერბაიჯანული გაზით ევროპის ბაზრის საიმედოდ, უსაფრთხოდ და უწყვეტად უზრუნველყოფის მიზნით.
საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში სამი პლენარული სხდომა და მრგვალი მაგიდა ჩატარდა.
პროექტი „გაზის სამხრეთი დერეფანი“ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: აზერბაიჯანული გაზკონდენსატების საბადო „შაჰ-დენიზის“ დამუშავების მეორე ფაზა, სამხრეთკავკასიური გაზსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაფართოება, ტრანსკასპიური (TANAP) და ტრანსადრიატიკული (TAP) გაზსადენების მშენებლობა, რომელთა მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი თურქეთსა და ევროპას მიეწოდება.