თბილისი, 1 მარტი - Sputnik. რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოილაპარაკეს სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარების სისტემის შექმნაზე და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვაზე, განაცხადა ორშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.
„ჩვენ მოვილაპარაკეთ პროცესზე, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, — განაცხადა კერიმ და იქვე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან.
მისი თქმით, მხარეებმა მოილაპარაკეს „სისტემის შექმნაზე, რომელიც ჩვენ იმის გარანტიებს მოგვცემს, რომ მიმდინარე მისიები ჩატარებული იქნება რეალურად მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ ან „ჯებატ ან-ნუსრის“ წინააღმდეგ.
კერიმ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი „ძალიან სერიოზულად უდგებიან ცნობებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაზე“. „ჩვენ არ ვაპირებთ მათ სახალხოდ, პრესისთვის განხილვას. ჩვენ ვაპირებთ აღვკვეთოთ ეს დარღვევები“, — თქვა მან.
შეთანხმება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ იქნა 22 თებერვალს აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად. გაეროს უშიშროების საბჭომ შეთანხმების ძალაში შესვლამდე ერთი საათით ადრე მიიღო რეზოლუცია 2268, რომელმაც ქვეყანაში ამ რეჟიმის დამყარება დააფიქსირა.