თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, ჟენევაში, გაეროს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება, — იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ღვინის ქვევრში დაყენების ქართული ტრადიცია კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შევიდა.
ქვევრის დადგმის ოფიციალური ცერემონია გაეროში 2016 წლის 1 მარტს გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროს ოფისის გენერალური დირექტორი მიმართავენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება მემორიალური დაფა. გაიმართება ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.
ქვევრი იმერეთის სოფელ მაქათუბანში დაამზადეს. ჭურჭელს ქართულ და ინგლისურ ენებზე აწერია „ქვევრი“.
ღვინის დამზადება საქართველოში რვა ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.