თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი მაღაროების დახურვა მიუღებელია, — მიაჩნია მაჟორიტარ დეპუტატ ელისო ჩაფიძეს.
ტყიბულელი მაღაროელები უკვე მე–16 დღეა გაფიცულები არიან. აქციის მონაწილეები დათმობებზე წასვლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მუშაობას მხოლოდ მოთხოვნების შესრულების შემდეგ შეუდგებიან, რაც ხელფასების მატებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოიაზრებს. მათ მხარს უჭერენ სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
„დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან. ტყიბულის შახტების კონსერვაცია არის მიუღებელი ჩვენთვის. ვფიქრობთ, რომ იურიდიულად ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ საკითხების მოგვარებაში… მე პირადად უკვე მხარეებს ვთავაზობ, რომ ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმებული იყო კომპანიასთან, ჩვენ წავიღოთ სასამართლოში სამუშაო პროცესის განახლების პარალელურად“, — განაცხადა დეპუტატმა ჩაფიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მაღაროელებსა და „საქნახშირის“ ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლების ხელფასების ინდექსაცია უნდა მომხდარიყო, რაისი სახსრებიც, ჩაფიძის თქმით, კომპანიას გააჩნია.
შეგახსენებთ: „საქნახშირის“ დირექციამ მაღაროელებს ხელფასების 5%-ით გაზრდა შესთავაზა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა აქციის მონაწილეებისთვის. კვირას კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ განაცხადა, რომ ხელმძღვანელობა მაღაროს კონსერვაციას გეგმავდა.
კომპანიის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება კომერციული და ტექნიკური ხასიათის პრობლემებით ახსნა.
ტყიბულელმა მაღაროელებმა ხელფასის მომატება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც 2016 წლის იანვრიდან ქალაქი მაღალმთიანი ზონის ნუსხიდან ამოიღეს და მაღაროელებს საგადასახადო შეღავათები მოეხსნათ.
საქართველოს მთავრობამ 26 თებერვალს განაცხადა, რომ ამზადებს ცვლილებებს კანონში „მაღალმთიანი რაიონების განვითარების შესახებ“, რომელთა თანახმადაც მაღაროელებს შეღავათები შეუნარჩუნდებათ.