ქართველმა მორაგბეებმა ესპანელები დაამარცხეს

გამოწერა
საქართველოს რაგბის ნაკრები ასპროცენტიანი შედეგით ევროპის ერთა თასის ტურნირის ლიდერია. შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 მარტს სოჭში რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში გამართულ ევროპის ერთა თასის მესამე ტურში  ესპანეთის გუნდი ანგარიშით 38:7 დაამარცხა, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე. 

რაგბი - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ლისაბონში პორტუგალიის ნაკრებს სძლია

საქართველოს ნაკრები მატჩის დაწყებისთანავე უპირობო ფავორიტი იყო. მსოფლიო რეიტინგში გუნდები რვა პოზიციას ინაწილებენ (საქართველო — 14, ესპანეთი —22), და პირად შეხვედრებშიც ქართველებს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ (12:3).

მიხეილ მესხის სტადიონზე მასპინძლებმა უპირატესობა ხელში აიღეს და მე-14 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. თუმცა, ესპანელებმა მომენტალურად გამოიყენეს მერაბ კვირიკაშვილის შეცდომა და ანგარიში გაათანაბრეს.

მილტონ ჰეიგის გუნდი შესვენების გამოცხადებამდე საგრძნობლად დაწინაურდა და დამაჯერებელი ანგარიშით 21:7 დაასრულა მატჩის პირველი ნახევარი.

მეორე ტაიმში ესპანელებმა აქტიურად დაიწყეს თამაში, თუმცა, მათ წარმატების მიღწევაში კვირიკაშვილმა შეუშალა ხელი.  

თამაშის 52-ე წუთიდან მატჩის ბედი აშკარად „ბორჯღალოსნების“ სასიკეთოდ წყდებოდა. მასპინძლებმა უპირატესობა ბოლომდე იგდეს ხელში.

საბოლოო ჯამში ორთაბრძოლა ანგარიშით 38:7 დასრულდა და საქართველოს რაგბის ნაკრები, რომელსაც აქტივში 15 ქულა აქვს,  ერთა თასის სატურნირო ცხრილის სათავეშია. მეორე და მესამე ადგილს რუმინეთი (14 ქულა) და რუსეთი (9 ქულა) იკავებენ.

მიუხედავად გამარჯვებისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ბოლომდე კმაყოფილი არ იყო „ბორჯღალოსნების“ თამაშით.

„ჩვენ 31 ქულის სხვაობით გავიმარჯვეთ და ეს კარგია. მაგრამ ჩვენ შეცდომებიც ბევრი გვქონდა და ამიტომ არ ვიტყვი, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვარ მატჩით. ესპანელებთან თამაშისას ბურთს ხშირად ჩვენ ვფლობდით, თუმცა, არ ვიცოდით როგორ უნდა მოვქცეულიყავით. აი, ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, — განაცხადა ჰეიგმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 მარტს სოჭში რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.


ყველა ახალი ამბავი
0