თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველო და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია (EFTA) შეთანხმებას ხელს 2016 წლის 27 ივნისს შვეიცარიაში მოაწერენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
EFTA-ს ოთხივე სახელმწიფო — შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი ევროკავშირის წევრები არ არიან. EFTA-თან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქართული პროდუქციისთვის ოთხივე სახელმწიფოს 14-მილიონიანი ბაზარი გაიხსნება.
„ჩვენ EFTA-თან შეთანხმებას მივაღწიეთ, რის საფუძველზეც წარმოებული პროდუქცია ბოლომდე გათავისუფლდება ტარიფებისგან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი პროდუქცია ამ ქვეყნებში დამატებითი საბაჟო გადასახადებისგან თავისუფლდება“, — განაცხადა არველაძემ.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რომლისადმიც ოთხივე სახელმწიფო ძალზე მგრძნობიარე, ამ სფეროში საქართველომ უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწია, აღნიშნა არველაძემ.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფი იმოქმედებს. გარკვეულ პროდუქციაზე კი ტარიფი განახევრებული და მინიმუმამდე დაყვანილია, რაც იმის ნიშანია, რომ ჩვენი პროდუქცია EFTA-ს ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდა“, — დასძინა მინისტრის მოადგილემ.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 2014 წელს გამართულ EFTA-ს მინისტერიალზე იქნა მიღებული.
საწყის ეტაპზე მოლაპარაკებების დასრულებისთვის ოთხი რაუნიდ იქნა გათვალისწინებული, თუმცა ქვეყნებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის შეთანხმების მიღწევა სამ რაუნდში გახდა შესაძლებელი, აღნიშნეს ეკონომიკის სამინისტროში.