თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ქართულ ინტერნეტსივრცეს დომენთან „ge“ ერთად ახალი მისამართი — ქართულ ენაზე „.გე“ გამოუჩნდა. ამიერიდან ვებგვერდის მისამართის წერისას შესაძლებელია ქართული „მხედრულის“ გამოყენება და დაბოლოება „.გე“-ს გამოყენება, განუცხადა Sputnik-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის (ITDC) მენეჯერმა თინათინ მონავარდისაშვილმა.
ინტერნეტ-კორპორაცია ICANN-მა საქართველოს 2015 წლის ბოლოს ინტერნეტ-მისამართების წერისას ეროვნული დომენით სარგებლობის უფლება მისცა. კერძო კომპანია ITDC-მ სპეციალურ ტენდერში გაიმარჯვა და ახლა ამ დომენის საქართველოში გაყიდვისა და კოორდინაციის უფლება აქვს.
"მისამართების რეგისტრაცია დომენით „.გე“ შესაძლებელი ამა წლის 15 ივლისიდან იქნება ნებისმიერი მსურველისთვის — როგორც საქართველოს მოქალაქის, ისე სხვა ქვეყნის რეზიდენტისთვის“, — განაცხადა მონავარდისაშვილმა.
ქართული დომენით „.გე“ ინტერნეტ-მისამართების წინასწარი დაჯავშნა 20 იანვრიდან უკვე დაიწყო და 15 ივნისამდე გაგრძელდება. ერთი თვის განმავლობაში ITDC ყველა განაცხადს განიხილავს და შესაბამის გადაწყეტილებას მიიღებს.
კომპანიამ სახელმწიფო უწყებებსა და სავაჭრო მარკების მფლობელებს ინტერნეტსივრცეში მათთვის სასურველი მისამართით დარეგისტრირების საშუალება ამგვარად მისცა.
„ეს იმისთვის კეთდება, რომ რეგისტრაციის გახსნისას ვინმემ სახელმწიფო უწყებას მათთვის სასურველი დომენის შეძენა არ დაასწროს. მაგალითად, ვინმე სხვამ რომ არ იყიდოს მისამართი „კოკაკოლა.გე“. მაგრამ 15 ივლისიდან ნებისმიერი მსურველი ნებისმიერი მისამართის შეძენას შეძლებს დომენით, რომელიც აქამდე რეგისტრირებული არ იყო“, — განაცხადა ITDC-ს წარმომადგენელმა.
დომენი „.გე“ საქართველოს ინტერნეტგარემოს სჭირდება, რადგან ქართული დამწერლობა უნიკალურია, აღნიშნა მონავარდისაშვილმა.
„ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც ქართული ინტერნეტსივრცის კიდევ უფრო მეტ განვითარებას შეუწყობს ხელს“, — მიიჩნევს ITDC-ის მენეჯერი.
დომენის „.გე“ ღირებულება მისამართისთვის სამი და მეტი სიმბოლოთი წელიწადში 30 ლარია. მისამართი ორი სიმბოლოთი წელიწადში 900 ლარი ღირს.