თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. თბილისმა კონსალტინგური კომპანია Mercer-ის მსოფლიოს კომფორტული ქალაქების რეიტინგში (Quality of living rankings — 2016) 188-ე ადგილი დაიკავა.
ცხოვრების ხარისხის ანალიზი 10 ჯგუფში გაერთიანებული 39 კრიტერიუმით დგინდება. კრიტერიუმთა შორისაა რეიტინგი, უსაფრთხოება, პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული სფეროები, სახელმწიფო მომსახურებები, ჯანდაცვა, განათლება, დასვენება და ბუნება.
230-დან პირველ ადგილზეა ვენა (ავსტრია), მეორე — ციურიხი (შვეიცარია), მესამეზე — ოკლენდი (ახალი ზელანდია).
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ვილნიუსი (ლიტვა) ლიდერობს, ის 79-ე ადგილზეა. რუსეთის დედაქალაქი რეიტინგში 167-ე ადგილზეა, ხოლო სანკტ-პეტერბურგი — 174-ზე.
ბოლო ადგილზე აღმოჩნდა ბაღდადი (ერაყი). აუტსაიდერების სიაშია ასევე ბანგი (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა), სანა (იემენი), პორტ-ო-პრენსი (ჰაიტი), ხარტუმი (სუდანი), დამასკი (სირია).
Mercer-ის რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველია და მას ყოველწლიურად ადგენენ. მისი მიზანია, დაეხმაროს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და სხვა დამსაქმებლებს, გასცენ სამართლიანი კომპენსაციები თანამშრომლებისთვის, როდესაც მათ საერთაშორისო მივლინებაში აგზავნიან.