თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა გააკრიტიკა და 2015 წელს შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნის შესახებ მიუთითა.
Amnesty International-ის ყოველწლიურ მოხსენებაში საუბარია თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავაზე, რომელიც ამჟამად პატიმარია. ორგანიზაციის კრიტიკის მიზეზი ისაა, რომ, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა, უგულავამ წინასწარ პატიმრობაში 14 თვე უკანონოდ გაატარა მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური ვადა ცხრა თვეა.
„მთავრობის მაღალჩინოსნები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოსამართლეებს მკაცრად აკრიტიკებდნენ, ხოლო ზოგიერთი პროსამთავრობო დაჯგუფებები მათ ძალადობით ემუქრებოდნენ. უკვე 18 სექტემბერს გიგი უგულავას ოთხნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმავე ბრალდებების გამო და მაშინვე დააპატიმრეს“, — აღნიშნულია მოხსენებაში.
გარდა ამისა, Amnesty International-ის მოხსენებაში საუბარია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის დანიშვნაზე, რამაც არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო და განაჩენი აქვს გამოტანილი ბევრ გახმაურებულ საქმეზე, რომლებიც შემდეგ გაასაჩივრეს.