თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო ვითარებამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებში შეშფოთება გამოიწვია, აღნიშნულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ყოველწლიურ მოხსენებაში.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო გარჩევა ქართულ საზოგადოებაში რეზონანსული იყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია „პანორამას“ ტელეკომპანიის წილები გადასცა. ეს გადაწყვეტილება ტელეარხის ხელმძღვანელობასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს პოლიტიკურ დაკვეთად და სიტყვის თავისუფლების დარღვევად მიაჩნიათ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ყოფილი მფლობელის სასარგებლოდ გამოიტანა. ხოლო 5 ნოემბრიდან „რუსთავი 2“-ის მენეჯერები ტელეარხის ხელმძღვანელობიდან იძულებით ჩამოაცილეს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას ეწინააღმდეგება და მათ ადგილზე არასამთავრობო დროებითი მმართველები დანიშნეს“, — აღნიშნულია მოხსენებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის 5 ნოემბერს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად დაინიშნენ, თუმცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის პროტესტის გამო, რომელთაც უფლებამოსილება შეუწყდათ, ისინი საკუთარი მოვალეობის შესრულებას ვერ შეუდგნენ.
დროებითი მმართველების დანიშვნის გადაწყვეტილება თბილისის სასამართლომ 3 ნოემბრის დადგენილების შემდეგ მიიღო, რომლის თანახმადაც, „რუსთავი2“-ის წილის 60% ტელეარხის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს უნდა გადაეცეს, ხოლო 40% — მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“. თუმცა, იმასთან დაკავშირებით, რომ მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ ნორმის მოქმედება შეაჩერა, ხალვაშს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენება არ შეუძლია.