თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გერმანელ ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა, რომლებიც ქვეყანაში გერმანული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას შეისწავლის, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოთხშაბათს ბერლინში გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილეს მატიას მახნიგს (Matthias Machnig) შეხვდა.
მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და მისი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოში გერმანული ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობას. ჯანელიძე მახნიგს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოსა და მისი გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მზარდი შესაძლებლობები ტურიზმის, ინფრასტრუქტურული პროექტების, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში სამუშაო ვიზიტით სამშაბათს გაემგზავრა. მან უკვე გამართა შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 26 თებერვალს დასრულდება, იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლები გერმანულ ანალიტიკურ ცენტრებში, შეხვედრები გერმანელ ექსპერტებთან და გერმანული მედიის წარმომადგენლებთან.
მინისტრი ასევე საარბრიუკენსა და ვადერნს ეწვევა, სადაც საქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, ასევე მოინახულებს საარბრიუკენის უნივერსიტეტსა და ვადერნის სკოლას.