თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. სომხეთს ირანიდან ყოველწლიურად 500 მლნ კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი შეუძლია საქართველოში, განაცხადა სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ერვანდ ზახარიანმა, — იუწყება "Sputnik სომხეთი".
მინისტრის თქმით, ჯერჯერობით საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს სომხეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის და კონკრეტული, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„არსებული გაზსადენი ირანი-სომხეთი დღეს მხოლოდ 15-20%-ით გამოიყენება, თუმცა ჩვენ ტრანზიტით 500 მლნ კუბურ მეტრამდე გაზის გატარება შეგვიძლია ირანიდან საქართველოში“, — განაცხადა ზახარიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე.
საქართველოსთან გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე იანვრის დასაწყისში ასევე განაცხადა ირანული კომპანია National Iranian Gas Exports Company-ს (NIGEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ალირეზა ქამელიმაც.
ამ დროისათვის სომხეთი რუსეთიდან საქართველოს გავლით იღებს ბუნებრივ გაზს, ხოლო გაზსადენ ირან-სომხეთით მიღებულ „ცისფერ საწვავს“ ელექტროენერგიად მისი გადამუშავების შემდეგ კვლავ ირანში აბრუნებს.
გაზსადენი ირანი-სომხეთი 2007 წელს გაიხსნა. დღეისათვის სომხეთი ირანიდან 365-370 მლნ კუბომეტრ გაზს იღებს წელიწადში ამ გაზსადენით, რომლის გამტარუნარიანობა 2.2 მლრდ კუბური მეტრია წელიწადში.