თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს ტოომას ჰენდრიკ ილვესს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ჩემთვის პატივია გამოვხატო ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მოხარული ვარ კიდვ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ესტონეთის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას.
ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების ერთიანი ძალისხმევით, ისტორიული კავშირი და ახლო პარტნიორული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების სასარგებლოდ“, — ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.
გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ესტონეთის ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საკითხში.