თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოთხი წლის განმავლობაში მართვის დემოკრატიულ სტილზე გადასვლა ვერ შეძლო, მიიჩნევს პოლიტიკური გაერთიანების ყოფილი აღმასრულებელი მდივანი, ამჟამად პოლიტსაბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი.
ახვლედიანმა უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თხოვნით მიმართა, გაწმინდოს პარტია ე. წ. ძველი ტურებისა და ნიანგებისგან და დემოკრატიული გუნდი შექმნას. ვინ ჰყავდა მხედველობაში ახვლედიანს „ძველი ტურებისა და ნიანგების“ შესახებ საუბრისას, უცნობია. თუმცა, ეს განცხადება უკმაყოფილების საბაბი გახდა როგორც პარტიაში, ისე კოალიციაში.
„სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ის, რომ პარტია „ქართულ ოცნებამ“ გამხდარიყო ევროპული ტიპის დემოკრატიული ყალიბის პარტიულ სივრცედ… პარტია ვერა და ვერ გადავიდა მართვის დემოკრატიული სტილზე. პარტიის რეგიონული ოფისები, განყოფილებები თუ ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ინერციით მოძრაობენ ჯერ კიდევ“, — განაცხადა ახვლედიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“.
პარტიის მართვის სისტემა აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს, თუმცა ამას კონკრეტული პირები ეწინააღმდეგებიან, დასძინა მან.
ახვლედიანის განცხადებას, რომ აუცილებელია პარტიის „ძველი ნიანგებისგან“ გაწმენდა, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ სკანდალი უძღოდა წინ. სკანდალი ფრაქცია „ქართული ოცნება — მრეწველების“ ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თავდაცვის მინისტრი, "რესპუბლიკელი" თინათინ ხიდაშელი საგარეჯოს შუალედური საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, თოფაძემ საქართველოს ნატოში სწრაფვის კურსიც გააკრიტიკა.
მმართველი კოალიციის წევრებმა თოფაძის განცხადებები უკვე გააკრიტიკეს. ამას ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა.
ამჟამად მმართველ კოალიციაში შედიან: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.