თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ნავთობის მსოფლიო ფასები ოთხშაბათს ვაჭრობის მსვლელობისას უარყოფით დინამიკას აჩვენებენ. ეს ხდება ნავთობის მოპოვების გაყინვის გეგმასთან მიმართებით ირანისა და საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრების განცხადებების, ასევე ნავთობის ამერიკული ინსტიტუტის (API) ქვეყნის კვირის მარაგის მიხედვით პესიმისტური მონაცემების ფონზე.
08.17 (მოსკოვის დროით) საათის მდგომარეობით, Brent-ის აპრილის ფიუჩერსების ღირებულება ბარელისთვის 1,32%-ით — 32,81 აშშ დოლარამდე დავიდა, WTI-ზე — ბარელისთვის 2,45%-ით — 31,08 აშშ დოლარამდე.
ნავთობის მსოფლიო ფასების უარყოფითი დინამიკა ირანის ნავთობის მინისტრის ბიჟან ზანგანეს განცხადების შემდეგ განახლდა. ზანგანეს განცხადებით, წინადადება ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით „არარეალისტური“ და „სასაცილოა“. საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი ალ-ნაიმიმ ჰიუსტონში IHS CERAWeek-ის ენერგეტიკულ კონფერენციაზე სამშაბათს აღნიშნა, რომ შეთანხმება მოპოვების გაყინვაზე მისი მოპოვების მოცულობის შემცირებას არ გულისხმობს. მიუხედავად ამისა, მან იმედი გამოთქვა, რომ ამ გეგმას კიდევ უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება, ხოლო ახალი შეხვედრა ნავთობის მოპოვების გაყინვის საკითხზე შეიძლება უკვე მარტში გაიმართოს.
„თუ ისინი წარმოებას იანვრის დონეზე გაყინავენ, როდესაც შეთავაზებული საქონლის სიჭარბე უკვე დაახლოებით 1 მლნ ბარელს შეადგენს დღეში, მაშინ ეს, უბრალოდ, ჭარბი რაოდენობის შეთავაზებული საქონლის შენახვის ვითარებას გააგრძელებს“, — ციტირებს სააგენტო „როიტერი“ Energy Aspects-ის ანალიტიკოსის დომინიკ ჰაივუდის (Dominic Haywood) მოსაზრებას.
მიმდინარე ვაჭრობის მსვლელობისას ვითარებას პესიმიზმი შემატა ნავთობის ამერიკული ინსტიტუტის მანამდე გამოქვეყნებულმა სიახლეებმა. მოხსენების თანახმად, აშშ-ში ნავთობის მარაგი გასულ კვირაში 7,1 მლნ ბარელით გაიზარდა იმ დროს, როდესაც წინა კვირამ 3,3 მლნ ბარელით შემცირება აჩვენა. ამასთან, მაჩვენებელმა პრაქტიკულად ორჯერ გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინებს, რომლებიც მარაგების ზრდას მხოლოდ 3 მლნ ბარელით ვარაუდობდნენ.
ბაზრის მოთამაშეთა ყურადღების ცენტრშია ასევე აშშ-ში ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემები ნავთობის მარაგების შესახებ. ანალიტიკოსების პროგნოზით, აშშ-ის ნავთობის ერთი კვირის (რომელიც 19 თებერვალს დასრულდა) კომერციული მარაგები (სტრატეგიული რეზერვის გარდა) 3,427 მლნ ბარელით — 507,527 მლნ ბარელამდე გაიზარდა.

