თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭძიანგის (Zhijiang) პროვინციის ქალაქ ლიშვეიში „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა, იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული ღვინის სახლი „სუოლუნ“ კომპანიამ გახსნა და ამ კომპანიის მიერ გახსნილი რიგით მეორე ღვინის სახლია ბოლო 7 თვის განმავლობაში. საზეიმო გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი დისტრიბუტორები, დილერები და მედიის წარმომადგენლები. „სუოლუნ“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ისიაო ძიუნუმ სტუმრებს ქართული ღვინის პრეზენტაცია წარუდგინა და ჩინეთში „ქართული ღვინის სახლების“ ქსელის მნიშვნელობა გააცნო.
„სუოლუნ“ კომპანია 2016 წლის ბოლომდე გეგმავს 60-80 „ქართული ღვინის სახლის“ გახსნას მთელი ჩინეთის მასშტაბით, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობით წარიმართება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილია ქართული ღვინის სკოლის გახსნა ქალაქ ივუში (Yiwu).
ჭძიანგის პროვინცია სადაც 55 მლნ მოსახლეა, ქალაქი ივუ ცნობილია, როგორც იმპორტირებული პროდუქტის სავაჭრო ბაზრობა. აქ, მსოფლიოს მასშტაბით თავს იყრის 90 ქვეყნისა და რეგიონის 50,000 ფართო მოხმარების იმპორტირებლი პროდუქტი.
2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით. ჩინეთში, წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი ზრდის ტემპები წლის ბოლომდე შენარჩუნდა და 2015 წლის მონაცემებით 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ).