თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. მოლაპარაკებები საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2016 წლის ბოლომდე დასრულდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
საქართველოს და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 22-23 თებერვალს თბილისში ჩატარდა. მხარეებმა შეთანხმების ძირითად მიმართულებებზე, ასევე კონსულტაციების ჩატარების სავარაუდო გრაფიკზე იმსჯელეს. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარე წლის მაისში ჩატარდება, ხოლო შემდგომი კონსულტაციები ყოველ მომდევნო ორ თვეში გაიმართება.
„ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ქართველ მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის ჩინეთში დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე მიწოდების შესაძლებლობა ექნებათ“, — განაცხადა არველაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მემორანდუმს ხელი 2015 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას მოაწერა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება საქართველოდან ჩინეთში ექსპორტს, მათ შორის ღვინის, მნიშვნელოვნად გაზრდის.
ჩინურ მხარესთან შეთანხმებაზე საბოლოო ხელმოწერის შემდეგ საქართველოს განსაკუთრებული შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი (პრეფერენციალური სავაჭრო რეჟიმი) ექნება ქვეყნებთან, რომელთა მოსახლეობა 2 მილიარდ 200 მილიონზე მეტია.
გასული წლის ბოლოს „აბრეშუმის რკინიგზა“ ამოქმედდა. ტვირთის ჩინეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით ტრანსპორტირება ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობისა და მასში რკინიგზის როლის გამოხატვისა საუკეთესო საშუალებაა, მიაჩნიათ საქართველოს მთავრობაში.
„აბრეშუმის გზა“ უძველესი სავაჭრო გზაა, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიის გავლით საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა. ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობის იდეა, რომელმაც ჩინეთი ევროპის ქვეყნებს უნდა დაუკავშიროს და აზიასა და აფრიკასთან თანამშრომლობა გაამყაროს, 2013 წელს ჩინეთის მეთაურმა სი ცზინპინმა წამოაყენა.