თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მორიგი ევროპული საფეხბურთო უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის სამუშაო განრიგით ჩატარდა. პოზიტიური ემოციებით, რომელიც სათამაშო რუტინის ზღვარს სცილდება, თავის ქება მხოლოდ გურამ კაშიას შეუძლია.
საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ გასულ უქმეებზე თავის კლუბში მეორასე მატჩში ითამაშა. იუბილე XXIV ტურის გასვლით თამაშს „დე გრაფსხაპის“ წინააღმდეგ დაემთხვა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კაშიამ თავისი გუნდი მინდორზე კაპიტნის რანგში 168-ჯერ გაიყვანა.
კაშიასთვის მიმდინარე სეზონი „ვიტესში“ რიგით მეექვსეა. ამ დროის განმავლობაში მცველმა 16 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც მისი ამპლუის მოთამაშისთვის არცთუ ურიგო მაჩვენებელია.
საანგარიშო ტურში ქართველი ლეგიონერები კაშია და ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში გავიდნენ. ყაზაიშვილი 75-ე წუთზე შეიცვალა, შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ფრანგული „რეიმსის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც ყვითელი ბარათების „უხვი“ რაოდენობის გამო დისკვალიფიცირებული იყო. XXVII ტურის მატჩში კანკავას გუნდი „პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 4:1 გაანადგურა. ამის შემდეგ „რეიმსი“ კვლავ სატურნირო ცხრილის ბოლოს დაეშვა, მას ზონიდან გასვლას ერთი ქულა აშორებს.
საფეხბურთო გამოცემა Footmercato-მ ქართველი ნახევარმცველის თამაში 10 ქულიანი სისტემით 4 ქულით შეაფასა. „პირველი გაშვებული ბურთი მთლიანად კანკავას სინდისზეა. პირველ ნახევარში არცთუ კარგად თამაშობდა და ორთაბრძოლებშიც ხშირად აგებდა“, — ასეთი კომენტარი ერგო კანკავას გამოცემისგან.
„ხიმნასტიკის“ ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კვლავ ტარაგონული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და მინდორზე სრული 90 წუთი ითამაშა. შესვენებისთვის აბურჯანიას გუნდი გასვლით თამაშში „მალიორკის“ წინააღმდეგ 2:0-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მატჩი ფრე ანგარიშით — 2:2 დასრულდა და „ხიმნასტიკი“ „ადელანტეს“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე ჩამოვიდა.
გიორგი პაპუნაშვილმა „ვერდერ II“-ის შემადგენლობაში, რომელიც მესამე გერმანულ ბუნდესლიგაში თამაშობს, მიუნსტერის კლუბ „პროისენის“ წინააღმდეგ თამაშში 85 წუთი ჩაატარა. შეხვედრა 0:0 ანგარიშით დასრულდა. „ვერდერ II“-ს ზონიდან გასვლას სულ რაღაც სამი ქულა აშორებს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი თურქული „ესქიშეჰირსპორის“ სასტარტო შემადგენლობაში ამ სეზონში პირველად გავიდა. ოქრიაშვილმა მინდორზე მთელი მატჩი გაატარა, მისმა კლუბმა კი „ქასიმფაშასთან“ გასვლით თამაშში 1:2 წააგო და კვლავ თურქეთის სატურნირო ცხრილის ბოლოში დარჩა. XXII ტურის შემდეგ „ესქიშეჰირსპორს“ სულ 17 ქულა აქვს.
პორტუგალიურმა „ფეირენსემ“, სადაც საქართველოს ნაკრების მესამე მეკარე გიორგი მაკარიძე თამაშობს, შინ „ბრაგის“ სათადარიგო შემადგენლობასთან მოულოდნელად 1:2 წააგო. ამ დამარცხების შემდეგ კლუბი მესამე ადგილზე გადავიდა, მაგრამ პორტუგალიის პრემიერ-ლიგაში გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 5 მარტს განახლდება და კლუბები წინასეზონურ მატჩებს მართავენ. კერძოდ, „რუბინმა“ ნორვეგიულ „სპარსბორგს“ 3:1 მოუგო. ყაზანელების მცველმა საბა კვირკველიამ პირველ ტაიმში ითამაშა.
ამხანაგური შეხვედრა გამართა გროზნოს „ტერეკმა“ და სლოვენიის „გორიცა“ 3:0 დაამარცხა. თევდორე გრიგალაშვილი თამაშის 50-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩების გარდა, ორი ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდებში ოფიციალურად წარადგინეს: კახა მაკარიძე ტაშკენტის „ლოკომოტივში“, ხოლო გოგიტა გოგუა — პავლოდარის „ირტიშში“.