„დინამო“ თბილისი და „დილა“ საჩემპიონატო მარათონს განაგრძობენ

© ФФГსაქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის შემდეგ ცხადი გახდა, რომ „ცხინვალი“ ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ზამთრის არდადეგების შემდეგ საქართველოში ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი განახლდა. შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მეორე წრის პირველივე ტურმა გასცა პასუხი ბევრ შეკითხვას. 

კერძოდ, სულ უფრო ცხადი ხდება ფაქტი, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად წელს ორი გუნდი — თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“ იბრძოლებენ.  

„დინამო“, ზამთრის არდადეგებისა და მწვრთნელის შეცვლის შემდეგ თერჯოლაში გაემგზავრა. ადგილობრივი „საპოვნელას“ მთავარი ამოცანა მიმდინარე სეზონზე — ეს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. გუნდი ბოლოდან მეორე ადგილზე რვა ქულით. წინასწარ გეტყვით, რომ საანგარიშო ტურის თამაშმა გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა ვერ მოახდინა. 

თბილისურმა გუნდმა თავიდანვე იგდო ინიციატივა ხელთ და პირველი ტაიმის დიდი ნაწილი მოწინააღმდეგის ნახევარზე გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ „დინამომ“ არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, კარის აღება მაინც ვერ მოახერხა და შეხვედრის პირველი ნახევარი ნულოვანი ანგარიშით დასრულდა.  

© სფფსაქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. "საპოვნელა" თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. საპოვნელა თბილისის დინამოს წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. "საპოვნელა" თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ

მეორე ნახევარის იგივენაირად წარიმართა: სტუმრები უტევდნენ, მასპინძლები თავს იცავდნენ. თუმცა 72–ე წუთზე „საპოვნელამ“ „დინამოს“ კართან მიახლოება შეძლო, რა დროსაც მსაჯმა საჯარიმო დანიშნა თბილისელების მიმართულებით. ეს შანსი წარმატებით გამოიყენა „საპოვნელელმა“ თენგიზ ჩიკვილაძემ.   

თუმცა გოლის გატანით გამოწვეული სიხარული მხოლოდ სამი წუთი გაგრძელდა: გიორგი ქვილითაიამ ანგარიში გაათანაბრა. 

გადამწყვეტი მომენტი მატჩის ბოლო წუთზე დადგა, როდესაც მთავარმა არბიტრმა მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა. ალექსანდრე იაშვილის დარტყმა „საპოვნელას“ მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ იაშვილს ჯაბა ჯიღაური „წაეხმარა“ და გოლის გატანა მოახერხა. თუმცა მსაჯმა დარღვევა აქაც აღმოაჩინა და 11 მეტრიანის თავიდან დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო. იაშვილის მეორე დარტყმა წარმატებული აღმოჩნდა და მატჩი „დინამომ“ ანგარიშით 2:1 მოიგო. 

გასვლითი თამაში ჰქონდა გორის „დილასაც“. მისი მოწინააღმდეგე „კოლხეთი“ გახლდათ, რომელიც გასავარდნი ზონიდან ფრიად დაშორებულია და თანაც, როგორც ჩანს, სეზონის ამოცანაც შესრულებული აქვს. 

და მაინც, „კოლხეთი“ უბრძოლველად დანებებას არ აპირებდა. გუნდი მეორე ტაიმის 63–ე წუთამდე იგერიებდა „დილის“ შეტევებს. აქ კი ირაკლი ძარიას ზუსტმა დარტყმამ გორელებს გამარჯვება მოუტანა. შეხვედრა ანგარიშით 1:0 დასრულდა და „დილას“ კიდევ სამი ქულა შესძინა. 

ზამთრის არდადეგების წინ „ცხინვალი“ ლიდერს რვა ქულით ჩამორჩებოდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდი ჩემპიონატის მეორე ნახევარში ღირსეულ ბრძოლას განაგრძობდა.  მაგრამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, ნიკა კაჭარავას „როსტოვში“ გადასვლამ საბოლოოდ მოცელა „ცხინვალი“.  

საანგარიშო ტურში კახაბერ კაჭარავას გუნდი ლიგის დებიუტანტს, „საბურთალოს“ ხვდებოდა გასვლით მატჩში. „საბურთალოელებს“ 35–ე წუთზე უკვე ორი გოლი ჰქონდათ გატანილი, რაშიც ორი გიორგი — ხარაიშვილი და ფანცულაია გამოირჩნენ. 

© სფფსაქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. "ცხინვალი" "საბურთალოს" წინააღმდეგ
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ცხინვალი საბურთალოს წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. "ცხინვალი" "საბურთალოს" წინააღმდეგ

მეორე ნახევრის დასაწყისში „ცხინვალმა“ ანგარიშში სხვაობა შეამცირა — გოლი გიორგი ივანიშვილმა გაიტანა. არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა შეხვედრა, მოედნიდან ოთო გოშაძე რომ არ გაეძევებინათ. 61–ე წუთზე მასპინძელთა მეკარემ წითელი ბარათი და საჯარიმო დარტყმა დაიმსახურა. თორნიკე გორგიაშვილმა დარტყმა ზუსტად გამოიყენა. 

ათი წუთის შემდეგ მსაჯმა გუნდების რაოდენობა გაათანაბრა, ანუ მოედნიდან გააძევა უჩა ბურძენაძე. დარჩენილ დროში „საბურთალომ“ კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ამით „ცხინვალსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ქულობრივი სხვაობა ათამდე გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, „ცხინვალს“ ჩემმპიონთა ტიტულისთვის ბრძოლის შანსს ართმევს. 

არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ჩემპიონატის აშკარა აუტსაიდერის, „მერანის“ მეორე გამარჯვებას. XVI–ე ტურში მარტვილური კლუბი ქუთაისის „ტორპედოს“ მასპინძლობდა და მოულოდნელად გაიმარჯვა კიდეც ანგარიშით 2:1. „მერანის“ ორივე გული ივანე ხაბელაშვილის  ანგარიშზეა. 

საანგარიშო ტურის შემდეგ ბომბარდირთა სიას გიორგი ქვილითაია ჩაუდგა სათავეში. „დინამოს“ ფორვარდის ანგარიშზე უკვე 13 გოლია. მას მოსდევს ოთარ მარცვალაძე „დილიდან“, რომელმაც 11–ჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი. 

XVI ტურის შედეგები:

„შუქურა“ — „სამტრედია“ —1:1

„კოლხეთი“ — „დილა“ — 0:1

„მერანი“ — „ტორპედო“ — 2:1

„საბურთალო“ — „ცხინვალი“ — 2:2

„სიონი“ — „გურია“ — 1:1

„ზუგდიდი“ — „დინამო“ ბათუმი — 0:1

„საპოვნელა“ — „დინამო“ თბილისი — 1:2

„ლოკომოტივი“ — „ჩიხურა“ — 2:2


ყველა ახალი ამბავი
0