სტანიშევი: საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მალე უნდა მიიღოს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად ყველა დავალება შეასრულა, მიიჩნევს ევროპელი სოციალისტების პარტიის ლიდერი სერგეი სტანიშევი.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპელი სოციალისტების პარტიის ლიდერმა სერგეი სტანიშევმა საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს იდეას, საქართველოს მოსახლეობამ რაც შეიძლება მალე შეძლოს ევროპის ქვეყნების მონახულება ვიზების გარეშე.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის მიღება – ეს არის ყველაზე ხილული დასტური საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ ქვეყანა უახლოვდება ევროპას. ევროპელი სოციალისტები მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას და მოვითხოვთ, ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.  საქართველომ შეასრულა ყველა დავალება და თქვენ ეს დაიმსახურეთ“, — განაცხადა სტანიშევმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ქვეყნის ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ტალინი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთის მთავრობის წევრებს შეხვდება

შეხვედრაზე სტანიშევმა და კალაძემ „ევროპის სოციალისტური პარტიისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზებზე იმსჯელეს. ბულგარელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისი პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს. მას ასევე აღნიშნა, რომ პარტიას წინასაარჩევნო კამპანიაში დაეხმარება.

„საქართველო უფრო დემოკრატიული გახდა, ვიდრე წინა წლებში იყო, გაუმჯობესდა მდგომარეობა თავისუფალ სიტყვასთან დაკავშირებით, ოპოზიციას აღარ ემუქრებიან, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში სოციალური თანასწორობა აღადგინა“, — განაცხადა სტანიშევმა.

ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნაა. 2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის მზადყოფნის თაობაზე დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა.

ყველა ახალი ამბავი
0