არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოს მოსახლეობა არასრულფასოვნად იკვებება

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგარე ვაჭრობა
გარე ვაჭრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი ცხიმოვანი და ცილოვანი საკვების აუცილებელ რაოდენობას არ იღებს, რაც ზრდასა და გონებრივ განვითარებას აფერხებს.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, პროდუქტებზე მაღალი ფასებისა და დაბალი შემოსავლის გამო, არასრულფასოვნად იკვებება, მიიჩნევს საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam-ის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომელი ლევან დადიანი.

Oxfam-ის ინფორმაციით, ჯანსაღი კვებისთვის აუცილებელი საკვების ათი ძირითადი კატეგორიიდან (ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული და ა. შ.) საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ხუთია.
„არის კიდევ ისეთი ჯგუფები, რომელთათვისაც ხელმისაწვდომი მხოლოდ სამი ან ოთხი კატეგორიაა. ამ ჯგუფებში შედიან პენსიონერებიც, რომლებიც საკვების მხოლოდ ორ ან სამ კატეგორიას მოიხმარენ. ძირითადად ეს პურ-ფუნთუშეულის ნაწარმი და ნახშირწყლებია“, — იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ დადიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შეჭირვებულთათვის ბუტერბროდები - Sputnik საქართველო
თაღლითები ქველმოქმედებას ებრძვიან

მოზარდი თაობა საგანგაშო მდგომარეობაშია. დადიანის განცხადებით, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ცხიმოვანი და ცილოვანი საკვების აუცილებელ რაოდენობას არ იღებს, რაც ზრდასა და გონებრივ განვითარებას აფერხებს. არასრულფასოვანი კვება იწვევს დიაბეტის განვითარებას, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებებს, აღნიშნა მან.

 „უნდა აღინიშნოს, რომ მუდმივად ვალით საკვებს ქვეყნის მოსახლეობის 21% ყიდულობს, 39% — პერიოდულად. ეს იმ ადამიანთა კატეგორიაა, რომელთა შემოსავალი თვეში ათას ლარს (404 აშშ დოლარი) არ აჭარბებს. მათი უმრავლესობა ხორცს, თევზს, ხილს ვერ ყიდულობს“, — განაცხადა დადიანმა.

ის ოჯახები, რომელთა შემოსავალიც ერთი ათას ლარს აჭარბებს და დაახლოებით 1,5 ათას ლარს შეადგენს (დაახლოებით 607 აშშ დოლარი), საკვებზე შემოსავლის დაახლოებით 35%-ს ხარჯავენ, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია. განვითარებულ ქვეყნებში კვებაზე ყოველთვე დახარჯული თანხა 15%-ს არ აღემატება, განმარტა მან.

„მდგომარეობა ქალაქსა და სოფელში, პრაქტიკულად ერთნაირია. უბრალოდ, სოფლებში დამატებითი პრობლემა ისაა, რომ კვების პროდუქტებზე გზების, ბაზრების, მაღაზიების არარსებობის გამო, ხელი არ მიუწვდებათ. ქალაქში ამასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემაა“, — აღნიშნა დადიანმა.

საქართველოს მოსახლეობის 85%-ს, როგორც წესი, სამომხმარებლო — ჯანმრთელობასთან, კვებასთან და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საბანკო კრედიტები აქვს აღებული.

Oxfam-ის თანამშრომელი აღნიშნავს, რომ კვებასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფომ მეტად უნდა შეუწყოს ხელი სოფლებში ოჯახური მეურნეობების განვითარებას, ისეთი მიმართულებები უნდა განავითაროს, რომლებიც იმპორტს ჩაანაცვლებენ.

„ჩვენ 70% იმპორტზე ვართ დამოკიდებული. კვების პროდუქტებზე მაღალი ფასები კი სწორედ იმპორტზე ჩვენს მაღალ დამოკიდებულებასთანაა დაკავშირებული“, — განაცხადა დადიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია Oxfam in Georgia-ს კვლევის საბოლოო შედეგები ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება.

ყველა ახალი ამბავი
0