თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შს სამინისტროს მიერ ჩატარებული რეიდების შედეგად, 101 სისხლისა და 769 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
18-19 თებერვალს პოლიციელებმა სამძებრო ღონისძიებების შედეგად 4 ავტომატი, 1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს.
გარდა ამისა, ამოღებულია 73 აბი „სუბუტექსი“, 1 შეკვრა „ბუპრენორფინი“, 5 შეკვრა „ბიო“, 6 აბი და აბის ნატეხი „სუბოქსინი“, 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა.
ძალოვანების მხრიდან გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაულებიდან აღსანიშნავია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტები.
პოლიციელებმა დააკავეს ძებნაში მყოფი საქართველოს სამი და ერთი რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა.
ქვეყნის ტერიტორიაზე შს-სამინისტროს წარმომადგენლები სპეციალურ შემოწმებას შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებენ.