თბილისი, 22 фев – Sputnik. დაზარალებულ მუშებს, რომლებსაც რამდენიმეთვიან დავალიანებას ქვეკონტრაქტორი კომპანია „ამი-2014“-ი არ უხდის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, საოლქო პროკურატორის საგამოძიებო ნაწლის უფროსი მამუკა ფიფია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამასახურის უფროსი მალხაზ თორია და ქალაქ ზუგდიდის თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.
ზუგდიდის ცენტრში ტროტუარების მოპირკეთებისა და ქვაფენილების დაგების სამუშაოებისათვის დაქირავებულმა მუშებმა 19 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 5 თვის ხელფასს ითხოვენ, რომელიც მათთვის კომპანია „ამი 2014“-ს უნდა გადაეხადა. მერიის მიერ ზუგდიდში ფილების დაგების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „გზამგებმა“ გაიმარჯვა, რომელსაც მერიამ თანხები გაწერილ ვადებში გადაურიცხა. კომპანია „გზამგებს“ თავის მხრივ, ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ქვეკონტრაქტორ კომპანია „ამი 2014“-თან, რომელსაც ევალებოდა დასაქმებული მუშახელისთვის ანაზღაურების გადახდა.თუმცა დღემდე მათ არავინ შეხმიანებია ქვეკონტრაქტორ კომპანია „ამი-2014“ —ის ხელმძღვანელობისგან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მათ დახმარებას დაჰპირდა და ასევე მისცა პირობა რომ, შესაბამისი საგამოძიებო უწყება ამ ამბით დაინტერესდება და უმოკლეს ვადაში გაარკვევს მომხდარის მიზეზებს.
„ჩვენა აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს თქვენი დავალიანებების ჩარიცხვა, არავის აქვს უფლება თქვენი ნამუშევარი მიითვისოს, ამ ყველაფერს სამართალდამცავები მიხედავენ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდება თქვენი უზრუნველყოფა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი თქვენგანი არ დაზარალდეს და დროულად მიიღოთ კომპანია „ამე 2014“-ისგან თანხები, რომელიც მას ჩარიცხული ჰქონდა“ — განაცხადა შეხვედრისას გუბერნატორმა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზამგების“ წარმომადგენელი დღეს გამართულ შეხვედრას თავად ესწრებოდა და აღნიშნა, რომ მათ მუშების ხელფასი ქვეკონტრაქტორ კომპანიას ჩაურიცხეს, რომელსაც მუშებისთვის ხელფასი უნდა გაეცა, თუმცა მას ეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
შეგახსენებთ,რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება კომპანია „ამი-2014“ —ის დირექტორ ამირან კარტოზიასთან დაკავშირება.
სოფო კაკაჩია