თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik./სოფო კაკაჩია/ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში ტროტუარების მოპირკეთებისა და ქვაფენილების დაგების სამუშაოებში დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციას მართავენ,ისინი 5 თვის ხელფასს ითხოვენ, რომელიც მათთვის კომპანია „ამი 2014-ს“ უნდა გადაეხადა. აქციის მონაწილეები აცხადებენ,რომ დაგებული ფილების აყრას დაიწყებენ, თუ ხელფასებს უახლოეს დღეებში არ გადაუხდიან. სამუშაოებში დასაქმებულ მუშებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე შეხვდნენ.
„ჩვენ დავინტერესდით ამ საქმით, რის შემდეგაც შედგა რამოდენიმე კონტაქტი კომპანიასთან, ისინი ითხოვენ კონკრეტულ ვადას საბოლოო პასუხის გაცემისთვის თუ როდის შეძლებენ არსებული სახელფასო დავალიანების სრულად გადახდას. სამწუხაროა, რა დღეშიც აღმოჩნდნენ მუშები, ჩვენ ქალაქის თვითმართველობა და საკრებულო ყველაფერს გავაკეთებთ კანონის ფარგლებში", — განუცხადა ჟურნალისტებს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ.
შეგახსენებთ,რომ მერიის მიერ ზუგდიდში ფილების დაგების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „გზამგებმა“ გაიმარჯვა, რომელსაც მერიამ თანხები გაწერილ ვადებში გადაურიცხა. კომპანია „გზამგებს“ თავის მხრივ, ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ქვეკონტრაქტორ კომპანია „ამი 2014“,-თან, რომელსაც ევალებოდა სამუშაოებში დასაქმებული მუშებისთვის თანხების გაცემა.
როგორც აქციის მონაწილე მუშები აცხადებენ, საპროტესტო აქციებს, მანამ გააგრძელებენ, სანამ არ მიიღებენ კუთვნილ ხელფასებს და პარარელურად გეგმავენ, რომ საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართონ.