თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. არასრულწლოვანი, 17 წლის სამირა ბაირამოვას გამტაცებლებმა, რომელსაც უკვე მესამე დღეა ეძებენ მშობლები, გოგონას დაბრუნების პირობა დადეს, თუკი მშობლები პოლიციიდან განცხადებას გაიტანს, — იუწყება ქართული ტელემედია.
„ისინი თვითონ დაუკავშირდნენ ოჯახს და უთხრეს, რომ თუ განცხადებას გაიტანთ [პოლიციიდან], გოგონას მოგიყვანთო. გოგოს მამამ უთხრა, ტაქსით გამოუშვით და არანაირი პრობლემა არ იქნებაო. იმის მერე ველოდებით ბავშვის გამოჩენას“, — განაცხადა ოჯახის მეგობარმა მელანო ლანჩავამ.
გოგონას დედის, ნაილა ყურბანოვას თქმით, მისი შვილი მაშინ მოიტაცეს, როდესაც უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე მიდიოდა, და მარნეულის რაინში წაიყვანეს.
ის ირწმუნება, რომ სამირა გათხოვებაზე არც ფიქრობდა და სწავლის გაგრძელებას აპირებდა.
ამ დროისათვის სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.