გატაცებული სამირა ბაირამოვას ოჯახი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს

© photo: Sputnikპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 წლის გოგონას მშობლები ფიქრობენ, რომ მათი შვილი მოიტაცეს და სავარაუდო გამტაცებლების ვინაობას ასახელებენ.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ორი დღის წინ გაუჩინარებული 17 წლის სამირა ბაირამოვას ოჯახმა განგაში ატეხა და პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა, — იუწყებიან ქართული ტელეარხები. 

ამ დროისათვის გოგონას ოჯახი და ახლობლები ფონიჭალაში აქციას მართავენ — გზა გადაკეტეს და მანქანებს არ ატარებენ. 

სამირას მშობლები ირწმუნებიან, რომ მათი არასრულწლოვანი ქალიშვილი მოიტაცეს და ამაში დამნაშავე კონკრეტულ პირებს ასახელებენ. 

„პოლიციას ვაძლევთ ინფორმაციას ადგილსამყოფელზე. ისინი კი გვეუბნებიან, რომ ჩვენ თავად უნდა ვიპოვოთ. არანაირად არ რეაგირებენ. გოგონა, სავარაუდოდ, მოიტაცეს და ახლა მარნეულში ჰყავთ. ნუთუ არ შეიძლება, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს?“ — განაცხადა „რუსთავი 2–ის“ ეთერში სამირას დედამ, ნაილა ყურბანოვამ. 

წუხელ სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრები ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში შეჭრას შეეცადნენ, რათა გაუჩინარებული გოგონას მოძებნა მოეთხოვათ. 

„იქნებ მოკლეს? სად არის ჩემი პატარა გოგო? ჩემ შვილს რომ რამე დაემართოს, ერთი ღერი თმაც რომ ჩამოვარდეს, ამაში თქვენ იქნებით დამნაშავე!“ — უყვიროდა პოლიციას გოგონას დედა.

ნაილა ყურბანოვას თქმით, მისი შვილი მაშინ მოიტაცეს, როდესაც უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე მიდიოდა. 

„შეყვარებული არ ჰყავდა. უცნობმა მამაკაცმა მოიტაცა, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე არასრულწლოვანია, თუმცა 30 წელს გადაცილებული კაცებიც ახლდა. პოლიციას კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვუსახელებთ, მაგრამ არ რეაგირებენ. უკვე ორი დღეა შვილს ვეძებ. თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ, დამეხმარეთ, გთხოვთ“, — ტირილით ამბობს დედა. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე. 


ყველა ახალი ამბავი
0