თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გრან–პრის ეტაპზე დიუსელდორფში, — იუწყება ძიუდოს ოფიციალური საერთაშორისო ფედერაციის საიტი (IJF).
ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონმა დამაჯერებლად დაიწყო ტურნირი და ნახევარფინალამდე ზედიზედ ოთხჯერ გაიმარჯვა. აქ კი ბრძოლა აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯევთან დათმო.
რეპეშაჟში კი ლაშა შავდათუაშვილმა სლოვაკი როკა დრაკშიჩი დაჯაბნა და ბრინჯაოს მედლის გარდა, 120 სარეიტინგო ქულაც მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წარმომადგენელი — გიორგი პაპინაშვილი (–81 კგ) შეჩერდა პოდიუმიდან ერთ ნაბიჯში. ისიც ნახევარფინალამდე მივიდა, თუმცა იქ უკვე იოაჰიმ ბოტიოსთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ვერაფრი დაუპირისპირა გერმანელ დომინიკ რასელს.
გრან–პრის დასკვნით დღეს სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები: –90 კგ, 100 კგ–მდე და 100 კგ–ზე ზემოთ.
საქართველოს ნაკრებს წამოადგენენ: ბექა ღვინიაშვილი და ლაშა თაველური ას კგ–მდე წონით კატეგორიაში, ხოლო ქვემძიმეში — ადამ ოქრუაშვილი და ლევან მათიაშვილი.