თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს,რათა რუსეთთან ურთიერთობების გართულება თავიდან აიცილოს.
"ჩვენ გამოვრიცხეთ მტრული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა, რომელიც ჩვენ გვქონდა და რომელიც ვერანაირ დადებით შედეგს ვერ გვაძლევდა. რუსეთთან ფუნდამენტური პრობლემები რჩება. უმთავრესი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპაციის სახით, და ვხედავთ, რომ არანაირი დადებითი დინამიკა ამ მიმართულებით ჩვენ არ გვაქვს. არ გვაქვს ასევე არანაირი დადებითი დინამიკა იმ მიმართულებით, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს საკუთარ დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ რისკები, რაიმე სახის გართულება ამ ურთიერთობების და ამ სიტუაციის, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ", — განაცხადა კვირიკაშვილმა
ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში,თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის გზით, ამ საკითხის გადაწყვეტილების გზაზე საქართველომ პოზიტიურ დინამიკას უნდა მიაღწიოს, აღნიშნა პრემიერმა.
"ვფიქრობ, რომ თუნდაც ის, რომ ჩვენ დღეს გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობები გაგვაჩნია, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეს უკვე არის რაღაც მიღწევა. ეს არის უკვე გარკვეული წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ, ასე თუ ისე, რისკები თავიდან ავიცილოთ რუსეთის მხრიდან. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკურ განზომილებებში პოზიტიური დინამიკა არ გვაქვს, ვერანაირი დინამიკა ვერ იქნება საქართველოს მთავარი სტრატეგიული გადაწყვეტილებების კუთხით რაიმე კომპრომისის ფონზე, იმიტომ რომ ასეთი კომპრომისი ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. ჩვენმა მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და ეს არჩევანი უნდა იყოს პატივცემული ყველა მთავრობის მიერ, რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, მაგრამ ჩვენ, ასევე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კონფრონტაციული მესიჯები არ გავაგზავნოთ რუსეთში და ყველანაირი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება შეიქმნას დიალოგისათვის გამოვიყენოთ, რათა რისკები ამ მიმართულებით შევამციროთ და ჩვენს ქვეყანას მივცეთ განვითარების შესაძლებლობა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა,რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს.
ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატში ჟენევის დისკუსიებისა და რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ხორციელდება. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მათზე ვაჭრობის აღდგენის, სატრანსპორო მიმოსვლის, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები წყდება. უკანასკნელი შეხვედრა გასული წლის ნოემბერში, პრაღაში, ჩატარდა.