თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ამის შესახებ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს. რიგით მეხუთე სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ელმარ მამედიაროვმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მხარეებმა ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.
„ეს გახლავთ რეგიონალური თანამშრომლობის წარმატებული მექანიზმი…შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკის სფეროზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციის მიმართ მხარდაჭერა და ავღნიშნეთ, რომ ჩვენი ქვეყნები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, — განაცხადა ჯანელიძემ. შეხვედრაზე აღინიშნა ასევე საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. „ჩვენ სწორ გზას ვადგავართ,ჩვენ გვესმის,რომ ჩვენი თანამშრომლობა მომგებიანია არამარტო ჩვენი ქვეყნებისათვის,არამედ მთელი რეგიონისათვის“, — აღნიშნა ელმარ მამედიაროვმა. შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები გაემგზავრნენ კარწახში(სამცხე-ჯავახეთში), სადაც დაათვალიერეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი,რომელზეც პრაქტიკულად დასრულებულია სარემონტო სამუშაოები.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთა სამმხრივი შეხვედრა პირველად 2012 წლის 8 ივნისს ჩატარდა. მაშინ ხელი მოეწერა ტრაბზონის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში. ამის შემდეგ შეხვედრები წელიწადში ორჯერ ტარდება.