საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ზუროსი ჩაუდგა სათავეში

გამოწერა
ახალი მთავარი მწვრთნელი გუნდის წინაშე ყველაზე მაღალ მიზნებს სახავს - საქართველოს ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გახდა, იუწყება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

49 წლის ბერძენმა სპეციალისტმა კონტრაქტს ხელი 1+1 სისტემით მოაწერა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე გავა, შეთანხმება მწვრთნელსა და ფედერაციას შორის ავტომატურად გაგრძელდება.

„საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ, ევროპის ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ მაღალი დონის გუნდია და ამ ეტაპზეც მაღალ მიზნებს ვისახავთ — ევროპის ჩემპიონატზე გასვლას”, — განაცხადა ზუროსმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოწინააღმდეგის ვინაობა გაარკვია

„მოხარულები ვართ, რომ ასეთი მაღალის დონის სპეციალისტი ჩვენს ეროვნულ გუნდს გაწვრთნის. განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა მოლაპარაკებებისა და პირობების შეჯერების შემდეგ არჩევანი ილიას ზუროსზე შეჩერდა“, — აღნიშნა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და დასძინა, რომ ნაკრებს საინტერესო მოსამზადებელი პერიოდი აქვს წინ.

კერძოდ, ის მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერიის თასის ტრადიციულ გათამაშებაში, სადაც მონაწილეობაზე თანხმობა უკვე განაცხადეს მაკედონიის, შვედეთის ნაკრებებმა და ასევე რუსეთის ნაკრებმა — 99%-ით.

ზუროსი ორი სეზონის განმავლობაში საბერძნეთის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში და 2011 წელს ევრობასკეთზე ნაკრებმა მეექვსე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ზუროსი მუშაობდა ისეთ კლუბებთან, როგორებიცაა: „ოლიმპიაკოსი“, „არისი“, „ჟალგირისი“, „ეფესი“. ბოლოს ბერძენი სპეციალისტი თურქულ „თოფაშთან“ მუშაობდა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ზუროსმა იგორ კოკოშკოვი ჩაანაცვლა, რომელიც ეროვნულ გუნდს რვა წლის განმავლობაში ედგა სათავეში და ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სამჯერ გაიყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0