ერდოღანი: ანკარის ტერაქტში ეჭვმიტანილი 14 ადამიანი დაკავებულია

გამოწერა
თურქეთის პრეზიდენტმა ტერაქტის მოწყობაში ქურთისტანის მუშათა პარტია და სირიის ქურთების დემოკრატიული კავშირის პარტია დაადანაშაულა. ამ დანაშაულის ძაფებს როგორც თურქეთში, ისე საზღვარგარეთ მივყავართ, განაცხადა მან.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით 14 ეჭვმიტანილი დაკავებულია და შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

მანამდე თურქეთის პრემიერმა აჰმეთ დავითოღლუმ განაცხადა, რომ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ცხრა ადამიანია დაკავებული.

თურქეთის პოლიციის ოფიცრები - Sputnik საქართველო
სირიელი ქურთები ანკარაში ტერაქტის ორგანიზების ბრალდებას უარყოფენ

„ეს ტერაქტი ქურთისტანის მუშათა პარტიისა და სირიის დემოკრატიული კავშირის პარტიის მოწყობილია. ახლა 14 ადამიანია დაკავებული და ვფიქრობ, მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. ამ დანაშაულის ძაფები როგორც თურქეთში, ისე საზღვარგარეთაც მიდის“, — განაცხადა ერდოღანმა თურქეთის გენერალურ შტაბში, სადაც მან დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფქან ალამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ 14 ეჭვმიტანილი თურქეთის რამდენიმე ქალაქში დააკავეს და ანკარაში ჩამოიყვანეს.

„ტერაქტის შემდეგ სამძებრო ოპერაციები ჩატარდა ადანში, ბოლუში, სტამბოლში, იზმირში, დიარბაქირში, თექირდაღში, ანკარაში, სულ დაკავებულია 14 ადამიანი, ისინი ანკარაში ჩამოიყვანეს“, — ციტირებს შს მინისტრს სააგენტო Anadolu.

დანაღმული ავტომანქანა ოთხშაბათს თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად, თბილისის დროით 20:31 წუთზე აფეთქდა, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შუქნიშანზე სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც გენშტაბის პერსონალი — თურქი სამხედროები გადაჰყავდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი, დაიჭრა — 61. ტერაქტს ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები ემსხვერპლნენ. თურქეთის პრემიერმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა სირიელი ქურთების თავდაცვის ძალებს დააკისრა.

ყველა ახალი ამბავი
0