თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. აფხაზეთის ტერიტორიის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი საფრთხის ქვეშ იყო, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით ელექტროენერგიის რუსეთისაგან შესყიდვის შესახებ, განაცხადა საქართველოს ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ.
ენგურჰესის წყალსაცავში წყლის მარაგის შემცირების გამო, მიმდინარე წლის 25 იანვრიდან აფხაზური მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვებით იღებს. გასულ კვირას კალაძემ განაცხადა, რომ ის ელექტროენერგია რომელსაც ენგურჰესი გამოიმუშავებს და აფხაზურ მხარეს მიეწოდება, მხოლოდ 2 კვირის სამყოფია.
საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებაა, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრო მომარაგების საკითხი, რადგან შემოსული წყლის რესურსის მცირე რაოდენობამ, ვერ უზრუნველყო ,,ენგურჰესისა’’ და,,ვარდნილი ჰესების’’ მიერ საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება.
რამდენიმე კვირაა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვები, თუმცა მხოლოდ მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და შესაბამისად სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე.
შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც შექმნილი ვითარება გარკვეუწილად დარეგულირდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტის საკითხი გაცილებით რთულია და გრძელვადიან პერსპექტივაში საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს.” — ციტირებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური.