თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. შოთა არველაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინადადებაზე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა, იუწყება რადიო Jako.fm.
ფედერაცია ერთ-ერთ ქართველ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს მართავდა, თუმცა მან უარი განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დაკავებაზე, განუცხადა Jako.fm-ს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს სპეციალისტი შოთა არველაძე იყო.
ამჟამად საქართველოს ეროვნულ გუნდს კვლავ კახა ცხადაძე უდგას სათავეში. 47 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი ოფიციალურად არ შეწყვეტილა, თუმცა, კობიაშვილის განცხადებით, 29 მარტს ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩზე ნაკრებს ახალი მწვრთნელი გაიყვანს.
მედიის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ორ უცხოელ სპეციალისტთან მართავს მოლაპარაკებებს, მაგრამ მათი ვინაობა არ სახელდება.
არველაძე ბოლოს თურქეთის „ტრაბზოსნსპორში“ მუშაობდა, თუმცა ზაფხულში დადებული ხელშეკრულება ნოემბერში ორმხრივი თანხმობით გაუქმდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შოთა არველაძის უფროსი ძმა რევაზი 2015 წლის სექტემბერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობდა, სადაც ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა.