თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიმდინარე კვირაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება, იმისათვის, რომ საარჩევნო სისტემის საკითხი განიხილოს.
იანვრის ბოლოს, პრემიერსა და ოპოზიციას შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება საარჩევნო სისტემის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფორმირების თაობაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა შორის არის 10 არასაპარლამენტო და ორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, უკვე რამდენიმე თვეა 2016 წლის არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ. ამის გამო, მათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა, ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ცვლილებებს მხოლოდ 2020 წლისათვის განახორციელებს.
„ჩვენ პრემიერ-მინისტრისაგან მივიღეთ თანხმობა, რომ აუცილებელია ხელისუფლებისა და ოპოზიციის მონაწილეობით სპეციალური ფორმატის შექმნა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის. ხოლო საარჩევნო სისტემის რეალური გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა გაუმჯობესდება“ — განაცხადა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა საინფორმაციო სააგენტო „"Новости-Грузия"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
არასაპარლამენტო ოპოზიცია არ ელის, რომ შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლება შეცვლის პოზიციას და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დათანხმდება, კერძოდ გადაწყვეტენ მაჟორიტარული სისტემის შეცვლას და გადავლენ პროპორციულზე, აღნიშნა მან.
ახვლედიანის თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლოს შედგება.
ამ დროისათვის საქართველოში ე.წ. შერეული სისტემა მოქმედებს: პარლამენტი 77 დეპუტატისაგან შედგება, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არიან არჩეულნი და 73 დეპუტატისაგან, რომლებიც მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს.