თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ირანი რვა მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკისა და იარაღის შეძენას გეგმავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოცემა „კომერსანტზე“ დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ირანის თავდაცვის მინისტრის ჰოსეინ დეჰანის ვიზიტი რუსეთში იარაღის შეძენასთან დაკავშირებით, რიგი საკვანძო გარიგების მიღებას დააჩქარებს. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სისტემაში ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ თეირანმა მოსკოვს სამხედრო ტექნიკის სია, რომლის შეძენაც სურს, უკვე გადასცა. ამჟამად ამ სიას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, მთავრობასა და კრემლში იხილავენ.
ასევე, ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ირანი თავისი МиГ-29, Су-24МК და წყალქვეშა ნავების რემონტისათვის რუსეთისთვის დახმარების თხოვნას გეგმავს.
ირანის თავდაცვის მინისტრი ამჟამად რუსეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში ვლადიმირ კოჟინთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და რუსეთის ვიცე-პრემიერთან თავდაცვითი მრეწველობის საკითხებში დმიტრი როგოზინთან.
ანონიმური წყაროს ინფორმაციით, სამშაბათს დეჰანს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდება.
უფრო ადრე გავრცელდა ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ზამირ კაბულოვის ინფორმაცია, რომ მოსკოვი ირანს საზენიტო-სარაკეტო სისტემებს С-300-ს „უკვე უახლოეს მომავალში“ მიაწოდებს. ანონიმურმა წყარომ ირანის თავდაცვის სამინისტროში სააგენტო Sputnik-ს განუცხადა, რომ დეჰანის ვიზიტისას შეიძლება ხელი მოეწეროს კონტრაქტს ირანისთვის Су-30-ის გადაცემის შესახებ.