ცსკ-მ საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიების რეგისტრაციისათვის მზადება დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკოს უნდა წარუდგინოს მხარდამჭერთა სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის სია; ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთაც სურთ მონაწილეობის მიღება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რეგისტრაცია უნდა გაიარონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ნათქვამია უწყების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს პარლამენტში მორიგი არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე შედგება. 

პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში  ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რის შემდეგაც მან უნდა წარმოადგინოს მხარდამჭერთა სიები.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები მშვიდად ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ორ კატეგორიად ყოფს: კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. კვალიფიციურია პარტია, რომელმაც ბოლო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების  3%-ზე მეტი დააგროვა და სახელმჭიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. არაკვალიფიციურია პარტია, რომელიც სახელმწიფო დოტაციას არ იღებს. 

კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკოს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის სია; ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

პარტია ვალდებულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკოს წარუდგინოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი.

პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57 დღისა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით არის არჩეული.

ასევე პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტში არჩევამდე იმ პარტიის წევრი იყო, რომელი პარტიაც ამ არჩევნებში არ მონაწილეობდა, მაგრამ მისი პარტიის წევრობა მითითებული იყო 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის/ბლოკის სიაში და 2016 წლის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღისთვის იმავე პარტიის წევრია.

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.


ყველა ახალი ამბავი
0