ნოდარ მელაძე
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ქართველი ლეგიონერებიდან გასული საფეხბურთო უქმეების ძირითადი ნიუსმეიქერები ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია იყვნენ, რომლებიც „ვიტესში“ თამაშობენ.
„ჰერენვენის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში კაშიას გამოჩენას გულშემატკივრები „გელრედომის“ ტრიბუნებზე გაშლილი უზარმაზარი ბანერით შეხვდნენ. კლუბის კაპიტანი უკვე მეორე თამაშია, რაც ზედიზედ გამოდის ძირითად შემადგენლობაში.
თუმცა „ვიტესის“ უმთავრეს მოთამაშედ იმ საღამოს მეორე ქართველი ფეხბურთელი — ვაკო ყაზაიშვილი იქცა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მოწინააღმდეგის კარში 44-ე და 53-ე წუთებზე გაიტანა გოლები და „ვიტესს“ შეხვედრა ანგარიშით 3:0 მოაგებინა, რითაც საშუალება მისცა კლუბს, 36 ქულა დაეგროვებინა და მეხუთე ადგილზე აენაცვლებინა. ყაზაიშვილისთვის ეს ამ ჩემპიონატში მეცხრე გოლია.
მატჩის შემდეგ მედიამ არაერთი სტატია მიუძღვნა „ვიტესის“ ქართულ დუეტს. ერთ-ერთი პუბლიკაციის სათაური ასეც კი ჟღერდა: „კაშიამ და ყაზაიშვილმა „გელრედომზე“ სიცოცხლე დააბრუნეს“.
„დუისბურგის“ წევრი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია 41-ე წუთზე გავიდა მოედანზე. იმ მომენტისთვის „ზებრები“ უკვე აგებდნენ საშინაო მატჩს „კარლსრუესთან“ ანგარიშით 0:1. ჭანტურიამ ამ თამაშში სპეციალისტებისგან 3.5 ქულა დაიმსახურა და ერთადერთი იყო გუნდში, ვის მიმართაც მხოლოდ დადებითი სიტყვები გაისმა.
გიორგი პაპუნაშვილი — „ვერდერის“ სათადარიგო შემადგენლობის მოთამაშე საკუთარ გუნდს დრეზდენის „დინამოსთან“ შეხვედრისას დაწინაურებაში დაეხმარა. მე-15 წუთზე ქართველი ფეხბურთელი მოწინააღმდეგის საჯარიმოზე წააქციეს, რის გამოც დანიშნული 11 მეტრიანი წარმატებით გამოიყენა მარსელ ჰილსნერმა. თუმცა გუნდმა ვერ შეინარჩუნა ანგარიში და საბოლოოდ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
„ემპოლის“ თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ სულ 9 წუთი ითამაშა „ფროზინონეს“ წინააღმდეგ. ამ დროში მან მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით ბურთის გაგზავნა კი მოახერხა, მაგრამ გუნდმა აქედან სარგებელი ვერ მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხების შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე ჩაინაცვლა.
„ხიმნასტიკელმა“ გიორგი აბურჯანიამ მორიგი საგოლე გადაცემა ჩაიწერა ანგარიშზე. „ელჩეს“ წინააღმდეგ საშინაო ტამაშში აბურჯანიამ უზადო ტექნიკა გამოავლინა და ნარანხო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა.
ამ უკანასკნელს კი ისღა დარცენოდა, რომ ბურთი კარისთვის არ აეცილებინა. „ხიმნასტიკმა“ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე განთავსდა.
მატჩის შემდეგ ესპანურმა გამოცემამ as.com დაწერა: „ქართველმა კიდევ ერთხელ გავანახა, როგორ უნდა თამაშობდეს კარგი ნახევარმცველი“.
პორტუგალიურ „ჟილ ვესენტეში“ მოთამაშე ავთო ებრალიძემ ერთი გოლი გაიტანა „სანტა კლარას“ კარში. ეს მისთვის მესამე შეხვედრა იყო ამ სეზონზე. მატჩი 2:2 დამთავრდა. „ჟილ ვესენტე“ პორტუგალიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მეექვსე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრებისა და „ფეირენსეს“ ქართველი გოლკიპერი გიორგი მაკარიძე უძლური აღმოჩნდა „პორტიმონენსის“ ფეხბურთელის წინაშე და ერთი გოლი გაუშვა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი გუნდისთვის, საბოლოოდ გამარჯვება მოეპოვებინა და მატჩი 2:1 დაესრულებინა.